​მსოფლიო ბანკი - 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება. ამ მაჩვენებლით საქართველოში ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე: 

● საქართველო - 2022 წელს 5.5%; 2023-ში 5%; 
● სომხეთი- 2022 წელს 4.8%; 2023-ში 5.4%; 
● აზერბაიჯანი - 2022 წელს 3.1%; 2023-ში 2.7%; 
● თურქეთი - 2022 წელს 2%; 2023-ში 3%; 
● რუსეთი - 2022 წელს 2.4%; 2023-ში 1.8%; 
● უკრაინა - 2022 წელს 3.2%; 2023-ში 3.5%. 

“საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა 2021 წელს 10.5%-იანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას; 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, შენელდება 2022 და 2023 წლებში პოტენციური ზრდის 5-5.5%-იან მაჩვენებლამდე, შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და დასტაბილურებული ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში. პროგნოზი ემყარება პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შეზღუდვას, რასაც ხელს უწყობს ვაქცინაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდა. 

რისკები საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებით კლებისკენ რჩება გადახრილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: (i) ინფლაციის ზეწოლა, რომელიც იწვევს დაფინანსების პირობების შემდგომ გამკაცრებას და (ii) COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება, განსაკუთრებით ახალი ვარიანტებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების კონტექსტში", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.