ადვოკატი - ვთვლით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ, შესაბამის დოკუმენტაციას უკრაინის პროკურატურას ჩავაბარებთ

უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. 

„გუშინ ვიყავით სხდომაზე საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან.
საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან. ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ადვოკატმა.