სააკაშვილი - ჩვენ ვაკეთებდით რასაც ვამბობდით, სამწუხაროდ, ახლა ხალხი მატყუარების ხელშია

ერთადერთ საშუალებად რჩება პროტესტი და საზოგადოების თანადგომა, რათა მატყუარა მთავრობას არ გაუვიდეს "დაყავი და იბატონე" პოლიტიკა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების პროტესტს. 

ექს-პრეზიდენტის თქმით, მათ დროს ნათქვამი ყოველთვის კეთდებოდა, ახლა კი, ხალხი "მატყუარების ხელშია ჩავარდნილი".

"მე მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა.

2008-ში, ჩვენ გაეროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროგრამა განვახორციელეთ შიდა ქართლის დევნილთა სახლების აშენების. ათასობით სახლი თავისი ინფრასტრუქტურით აშენდა სამ თვეში. შემდეგ ჩვენ ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილების ბინების მშენებლობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო და თითოეულ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა.

ჩვენ ვაკეთებდით რასაც ვამბობდით. სამწუხაროდ, ეს ხალხი არის ახლა მატყუარების ხელში ჩავარდნილი. ამიტომ, ერთადერთ საშუალებად რჩება მათი პროტესტი და საზოგადოების თანადგომა, რათა მატყუარა მთავრობას არ გაუვიდეს "დაყავი და იბატონე" პოლიტიკა", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის,  დევნილებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ.