ნონა გაფრინდაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია

ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია, - ასე ეხმაურება მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი კალიფორნიის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა კომპანიის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ნონა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის პირველი ქალი დიდოსტატი გახდა მამაკაცებს შორის და ამერიკულ სასამართლოს მადლობა გადაუხადა, რადგან მისივე თქმით, ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა.

"ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.

გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი". - წერია განცხადებაში.



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას