ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი, შესაძლოა, მაისი-ივნისში ჩატარდეს

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია რიას ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 2022 წლის 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება. 

რუსულ სამთავრობო მედიასთან ამის შესახებ მარიონეტული თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის სპიკერმა ისაუბრა. 

მისი თქმით, რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება, როცა დასრულებული იქნება ყველა აუცილებელი პროცედურა. 

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. კონსტიტუციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მარიონეტი პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას რეფერენდუმის დანიშნვასთან დაკავშირებით, 3 თვის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი, შესაძლოა, ნებისმიერ დასვენების დღეს დაინიშნოს.

"უახლეს ისტორიაში რუსული სამყაროს პირველი აღორძინება, გაგება, რომ არის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია, მოხდა აქ, სამხრეთ ოსეთში, 2008 წელს, როცა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამის გამო რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის ყოველთვის მადლიერი ვიქნებით.

ძმებო და დებო, მადლობა. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

თუმცა, ოსი ხალხის, გაყოფილი ხალხის მთავარი ისტორიული, სტრატეგიული მიზანი ერთ სახელმწიფოში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაა. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ დაისახა ეს მიზანი, ჩვენ  2014 წელს გვქონდა შესაძლებლობა, აგვესრულებინა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება, როცა ყირიმი მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა. მაშინ ხელიდან გავუშვით ჩვენი შანსი, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ.

მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა, ხალხის მისწრაფებაა. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ ზომებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი". – თქვა მარიონეტმა სეპარატისტმა ლიდერმა. 

რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან დსთ-ს საკითხებში ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ თქვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმი, რომელზეც განიხილება რუსეთის ფედერაციასთან შეერთება, შესაძლოა, 2022 წლის მაის-ივნისში ჩატარდეს.

"ვფიქრობ, 10 აპრილს, როცა სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება, უკვე გაირკვევა რეფერენდუმის ვადები თუ როდის გამოაცხადებენ. არჩევნების, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ის ამ პროცედურას ჩაატარებს. ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება – მაისი-ივნისი". – ამბობს ვოდოლაცკი.

ვოდოლაცკის მტკიცებით, 2008 წლის შემდეგ, რუსეთთან გაერთიანება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მრავალი მცხოვრების ოცნებაა. მისი აზრით, რეფერენდუმზე "მოსახლეობის 99.99% მოვა და ხმას მისცემს რუსეთის ფედერაციაში შესვლას".

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი კლიმოვი თვლის, რომ "საერთაშორისო გამოცდილებით", რეფერენდუმის ჩატარებას თვე-ნახევარი დასჭირდება. 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას