მორიგი თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - პოლიციამ ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში ნასამართლევი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ექსპრესფილიალში შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.

ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომობილში და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, რომ ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე საათში დაადგინეს თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა. პოლიციამ ორივე მათგანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს,"- წერია განცხადებაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას