გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

11 მაისს, 14:00 საათზე, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები   რეგიონებში „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების მოთხოვნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეებს სურთ დააფიქსირონ, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით. 

 „როცა დაავადების მკურნალობა თბილისსა და აჭარაში უკვე რამდენიმე წელია ფინანსდება, დისკრიმინაციაა,  რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მაცხოვრებლები მცხოვრებლები ჯერ კიდევ დაფინანსების პასუხის მოლოდინში ვართ. სახელმწიფომ იცის, რომ დაავადება სწრაფად პროგრესირებადია და მკურნალობის გარეშე ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვიქნებით. დაავადების მამოდიფიცირებელ მკურნალობას კი შეუძლია ბევრი წლით გადაავადოს ჩვენი მდგომარეობის დამძიმება და ცხოვრების საუკეთესო წლების სრულფასოვნად გატარება შევძლოთ - ვიმუშაოთ, შევქმნათ ოჯახები, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ჩვენთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული დაფინანსების დაპირების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ რეგიონში მცხოვრები პაციენტები.

შეგახსენებთ, 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან  სარგებლობენ  თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს  და წელს გახდება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. ცნობისათვის, 2022 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ჩაიდო, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროექტი მასში ვერ მოხვდა.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. დროული მკურნალობის ფონზე გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მიეცემათ შესაძლებლება დაუბრუნდნენ  სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში!

გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.  

 

 


 



გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ზელენსკი - ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას
პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი ვერ ხედავს ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას