ხვალ, თბილისი პრაიდის კვირეული იწყება - დაიცავს თუ არა შსს ლგბტქ ადამიანების უფლებებს?

ხვალ, თბილისი პრაიდის კვირეული იწყება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება 28 ივნისიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება და რამდენიმე სახის აქტვობას გააერთიანებს. 

თუმცა, რამდენად შეძლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოს ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოება იმ ფონზე, რომ მოძალადე ჰომოფობიური ორგანიზაცია „ალტ-ინფო“ მუქარას არ წყვეტს. 

მოძალადეების თქმით, იმის მიუხედავად, რომ წელს პრაიდის კვირეული ღირსების მარშის გარეშე ჩაივლის, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას არც დახურულ სივრცეში დაუშვებენ.

ფაქტია, პირობა გაცემულია. ყოველშემთხვევაში ამას გვიმტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და განცხადებას ავრცელებს:

„მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება“. 

უწყების ცნობით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, "თბილისი პრაიდის," ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები გეგმავენ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების ჩაშლას.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”,- აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს,- ასე გამოეხმაურა თბილისი პრაიდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას. 

თბილისი პრაიდის ცნობით, ასევე უმნიშვნელოვანესია, შსს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას.

„უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!.

უმნიშვნელოვანესია, შსს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები“,- ვკითხულობთ თბილისი პრაიდის განცხადებაში.

რას იზამს ჰომოფობიური ორგანიზაცია უცნობია. ფაქტია, რომ დღეს, შსს-მ ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მიზეზი, სავარაუდოდ, მათი მხრიდან თბილისი პრაიდის მისამართით მუქარაა.

კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:

• ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება. კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი.

• რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.

• გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდმა უარი თქვა ღირსების მარშის ჩატარებაზე, ვინაიდან "წელს მათ არ გააჩნიათ არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ამისათვის და არიან ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება".



გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან „თიბისი“ კონცეპტში
მოსკოვის სასამართლომ რუსეთში „პირველი არხის” ყოფილ თანამშრომლ 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა