ევროკავშირი სანქციების მე-8 პაკეტის მომზადებასა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტის მომზადებასა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა ბლოკის 27-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ქვეყანაში პირველი ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ პუტინის განცხადებამ, უკრაინის ტერიტორიის ანექსიისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, პანიკა და სასოწარკვეთა აჩვენა. 

„აშკარაა, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის განადგურებას“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს მინისტრების შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ მინისტრების შეთანხმების თანახმად, სანქციების ახალი პაკეტი მიმართული იქნება "რუსეთის ეკონომიკის უფრო რელევანტური სექტორების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში მიმდინარე აგრესიულ ომზე".

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება ოქტომბრის შუა რიცხვებში, რა დროსაც სანქციების პაკეტის ფორმალიზება მოხდება.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსებს მიმართა. მან არა მხოლოდ გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში, არამედ მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა.



თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს
სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“