ილია მეორეს მოსკოვში გაგზავნილ კირილესადმი მილოცვას, მწვავე კრიტიკა მოჰყვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარი ილია მეორე, რუსეთის პატრიარქი კირილს დაბადების დღეს ულოცავს. ილია მეორის მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. პატრიარქის მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ;

"თქვენო უწმიდესობავ, 

ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!

ამ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყველა ღვთიურ სიკეთეს. ასევე გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

დაე დაგიფაროთ ღმერთმა თქვენ და თქვენი სამწყსო. 

სიყვარულით ქრისტეში

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი". - წერს ილია მეორე.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი ლეონ გელოვანი რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე ამბობს, რომ მხოლოდ უთავმოყვარეო ადამიანი მიულოცავს ომის გამმართლებელ კირილს იუბილეს.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნამდვილად არ იყო სუდარაგადაფარებული კათოლიკოს ილიას აღსაყდრებისას.

ამ ეკლესიამ მრავალი ტანჯვა და უბედურება გადაიტანა უკანასკნელ საუკუნეში, თუმცა მაინც ამაყად იდგა ფეხზე კირიონის, ამბროსის და სხვა ღირსეულ მღვდელთა თუ ეკლესიაში მყოფ საეროთა წყალობით.

90-იანი წლების შემდეგ, ეკლესიის წევრთა მატება იყო არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების დამსახურება, არამედ მაშინდელი ურაპატრიოტული ეპოქის დამსახურება, იმ პერიოდში სულ რომ უსულო საგანი დაენიშნა ვინმეს კათოლიკოს-პატრიარქად, ეკლესიის წევრთა რიცხვი მაინც გაიზრდებოდა, რადგან ქართველები ყოველთვის ვაკავშირებდით ერთმანეთთან რწმენასა და პატრიოტიზმს, ხშირად ფსევდოპატრიოტიზმსაც.

ეკლესიის რიცხვი გაიზარდა არა გააზრებულად მორწმუნე საზოგადოების ხარჯზე, არამედ გარკვეული პატრიოტული სულისკვეთების თუ უბრალოდ მოდას აყოლილი ადამიანებით. არც ეს იყო ტრაგედია, უბრალოდ ერთადერთი, რაც ეკლესიას უნდა გაეკეთებინა უკვე სავსე ეკლესიებში, ამ ხალხისთვის მიეცა ის, რაც ქრისტიანობამ უნდა გასცეს - რწმენა, აზროვნება, სიყვარული, სოციალური თანადგომა, ურთიერთდახმარება და სხვა მრავალი დადებითი, ადამიანებისათვის საინტერესო, საჭირო და მნიშვნელოვანი რამ.

ეკლესია ასე არ მოიქცა, ქრისტიანობა ვერ იქადაგა, სიყვარულის მაგალითი ვერ აჩვენა, ბოროტება, ძალმოსილება, ანგარება დაანახა მრევლს და ეს მრევლიც გაქრა.

ახლა უკვე, კვირა დღეს თბილისის საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ასრულებს წირვას, ეკლესიის მესამედიც კი ვერ ივსება იქ მყოფი მრევლით, არც სხვა მრავალ ტაძარშია უკეთესობა." - აცხადებს ლეონი.

ევროპული საქართველო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის დაბადების დღის მილოცვას ეხმაურება. პარტია გმობს საპატრიარქოს კოლაბორაციონისტულ საქმიანობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ევროპული საქართველო გმობს საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა კოლაბორაციონისტულ განცხადებებსა და საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ. ჩვენ ვაღიარებთ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისა და ურთიერთჩაურევლობის პრინციპებს, რომლებიც დღეს სრულად მოშლილი და დარღვეულია, ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტს ქართული სახელმწიფოებრიობის და მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერ თანამშრომლობა არის მორალურად სრულად გაუმართლებელი.

მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დიდი ხნის დაგვიანებით მაინც გაწყვიტოს ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ევროპული საქართველო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რუსეთთან დაკავშირებით თავიანთი სამოქალაქო პოზიცია, მათ შორის, რელიგიურ შეკრებებზეც გამოხატონ.

"ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია ყველა, მათ შორის რელიგიურ შეკრებაზე, სადაც არ ხდება პუტინის და მის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების მკაფიო შეფასება და მით უმეტეს, ხდება მათი პირდაპირი თუ ირიბი გამართლება". – ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის დროს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა რუსებს ქადაგების დროს "სულიერი მობილიზაციისკენ" მოუწოდა.

კირილის თქმით, ეს "სულიერი მობილიზაცია" რუსეთის ყველა ძალის მობილიზაციას დაეხამრება, რაც საბოლოო ჯამში რუსეთსა და უკრაინას "შეარიგებს".

"ჩვენ მოვაღწიეთ საბედისწერო დრომდე, საბედისწერო დროს კი უნდა განვაახლოთ ჩვენი რწმენა, ჩვენი ცნობიერება და მეხსიერება გავამახვილოთ, დავუკვირდეთ ბევრ რამეს, რასაც ჯერ კიდევ გუშინ ყოველგვარი ყურადღებისა და დარდის გარეშე ვუყურებდით. და, აი, მაშინ ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომლისკენაც მე ახლა ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზაციასაც დაეხმარება და, ეჭვგარეშეა, ეს, ამავდროულად, საბოლოო ჯამში, დაეხმარება შერიგდნენ რუსეთი და უკრაინა, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სივრცეს წარმოადგენენ". – თქვა კირილმა. 

კირილმა საკვირაო ქადაგებაზე თქვა, რომ მსხვერპლი "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას" "განწმენდს ყველა ცოდვას".

"ვიცით, დღეს ბევრი იღუპება შიდადაპირისპირების ველზე. ეკლესია ლოცულობს იმაზე, რომ ბრძოლა რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ძმებმა დახოცონ ერთმანეთი ამ ძმათამკვლელ ომში. 

ამავდროულად ეკლესია ხვდება, რომ თუ ვინმე მოვალეობის გრძნობით, რჩება თავისი ფიცის ერთგული და სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს იღუპება, მაშინ ის, უდაოდ, ასრულებს მსხვერპლის გაღების ტოლფას ქმედებას. ის თავს წირავს სხვებისთვის. ამიტომ გვწამს, რომ ამ მსხვერპლის გაღება წმენდს ყველა ცოდვისგან, რომლებიც ადამიანს ჩაუდენია.".- ამბობს კირილი. 



ევროპის საბჭო - რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს
Volvo Retail Experience - ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოში და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი