სააკაშვილი - ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით ჩემს შვილებს მამა დაუბრუნოს

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი შეწყალებით პრეზიდენტს ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსის აღდგენა შეუძლია. 

"მინდა ვუპასუხო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მინდა, ჯერ ერთი მივულოცო მას, რომ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში - ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე, იმაზე, რომ ფსონი ამ რუს ოლიგარქს აქვს დადებული [...] ამავე დროს, "ლე მონდი" თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, გამოეყენებინა მისი შეწყალების უფლება, სხვათა შორის ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომლებსაც ის შეხვდა ბოლო თვეების განმავლობაში.

მე არ მინდა, განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, ვინც ამისკენ მოუწოდებს ქალბატონ სალომეს, რაღაც მოვთხოვო, უბრალოდ მინდა, ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს, რომელსაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად - მე ვარ უკეთესად, მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ ძალიან მხნედ. [...] რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში",- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობს.

 



ევროპის საბჭო - რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს
Volvo Retail Experience - ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოში და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი